ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელის სერგი ჰაიდაი აცხადებს, რომ რუსეთისა და ლუჰანსკის მარიონეტული ხელისუფლების ცნობები ლუჰანსკში ე.წ რეფერენდუმების შედეგებზე აჭარბებს რეგიონში მოსახლეობის რიცხვს.
ჰაიდაი აცხადებს, რომ რუსეთის ცნობით, ლუჰანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ რეფერენდუმში თითქმის იმდენივე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რამდენმაც 2012 წლის ოქტომბერში უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში.
თვითაღიარებული ლუჰანსკის რესპუბლიკის მარიონეტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ე.წ რეფერენდუმში მონაწილეობა 1.6 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ჰაიდაის ცნობით, 2012 წლის ოქტომბერში, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში კი 1.829 ადამიანი მონაწილეობდა.
ჰაიდაი აცხადებს, რომ 2014 წელს დონბასში შეტაკებების დაწყების შემდეგ რეგიონი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი გაზაფხულ-ზაფხულში ლუჰანსკი ოფიციალურად 320 000-მა ადგილობრივმა დატოვა.
გარდა ამისა ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ომის დასაწყისში ბევრი დევნილი ამ სტატუსისთვის არ დარეგისტრირებულა, მათ ნაწილს უკვე ჰქონდა დევნილის სტატუსი, ათობით ათასი ადამიანი კი ევროპაში წავიდა.
შესაბამისად, ჰაიდაის თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ე.წ რეფერენდუმებში მიიღო მონაწილეობა გაცილებით მცირეა.
„ეს თამაშები რეფერენდუმში არაფერს შეცვლიან! ჩვენ დეოკუპაციისთვის ვემზადებით“ - აცხადებს ჰაიდაი.
20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.
დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.
უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ გამართული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს გამოეხმაურა.
"რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ნათელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!", - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.